საქართველოს მთავრობა USAID-თან თანამშრომლობას განაგრძობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა USAID-თან პროექტის – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ ფარგლებში ითანამშრომლებს. პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარია და მისი მიზანია საქართველოში მმართველობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაძლიერება. თანამშრომლობა საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით, მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს.
პროექტის შესახებ USAID-ის წარმომადგენლები და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გააძლიეროს დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ეფექტურ ფუნქციონირებას. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობდა პროგრამის-„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც წარმატებით განხორციელდა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო – ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო დონეებზე დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საჯარო კომუნიკაციის სივრცის შექმნა მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მათ მიერ არჩეულ მოხელეებთან, მედიასთან თუ პოლიტიკური პარტიების წევრებთან დიალოგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები