უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის პროცედურა გაუმარტივდათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა.
როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ონლაინრეჟიმში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განმცხადებელი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული უცხოელი.
„სახლიდან გაუსვლელად ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის განაცხადის დასარეგისტრირებლად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა სერვისების სააგენტოს https://services.sda.gov.ge, ან იუსტიციის სახლის www.psh.gov.ge ვებგვერდის მეშვეობით შეავსოს ელექტრონული განაცხადი, ატვირთოს საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. ონლაინრეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა უცხოელს გააჩნდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. განაცხადების მიღება იუსტიციის სახლებისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდების მეშვეობით 29 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მოძიება და ვებგვერდებზე აპლიკაციის შევსება შეუძლია სამ ენაზე: ქართლად, რუსულად და ინგლისურად.
მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.
ცნობისთვის, ბინადრობის ნებართვის მისაღებად ონლაინრეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ საქართველოში მყოფ უცხოელს, ხოლო ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე ონლაინრეჟიმში განაცხადის შემოტანა შეუძლია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფ პირს.
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: შრომითი, სასწავლო, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას, უცხო ქვეყნის მოქალაქე აღნიშნული დოკუმენტის მიღებას შეძლებს ვებგვერდიდან, მისი განაცხადის ნომრისა და კოდის საშუალებით.
აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: +995 32 240 10 10. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ სერვისების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“, – განმარტავენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები