დავით ოქიტაშვილი თამარ გვერდწითელს პასუხობს: თუ გაიზიარებთ ჩემს პოზიციას, მილიონ ბოდიშს მოგიხდით
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მომღერალ თამარ გვერდწითელის განცხადებას ეხმაურება. როგორც დავით ოქიტაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მან მომღერალი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გააკრიტიკა. ოქიტაშვილს მიაჩნია, რომ თამარ გვერდწითელისა და სოსო პავლიაშვილის მიერ ნამღერი სიმღერა, ქართველი გარდაცვლილი ჯარისკაცების დედების შეურაცხყოფაა.
“იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია ქალბატონი თამარ გვერდწითელის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, მსურს, დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია.
არასდროს ჩავრეულვარ არც ერთი მუსიკოსისა თუ მომღერლის პოლიტიკური გემოვნების საკითხებში, არასოდეს მომითხოვია ვინმესგან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა და ამ შემთხვევაშიც იგივე შემიძლია, განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით.
ქალბატონი თამარ გვერდწითელი გავაკრიტიკე მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე და აზრადაც არ მომსვლია მისთვის რაიმე ფორმით შეურაცხყოფის მიყენება. ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, მიუღებელია ქალბატონი თამარის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. იგი ადრეც და დღესაც მოღვაწეობს რუსეთში, საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს და პირადად მეც უდიდეს პატივს ვცემ მას, როგორც დიდ ხელოვანს. მეტსაც გეტყვით, მხურვალე თაყვანისმცემელი ვიყავი ამ ქალბატონის, სანამ მისი და ბატონი სოსო პავლიაშვილის მხრიდან არ გაჟღერდა სიმღერა, რომელიც ქართველი ერის, ომში დაღუპული ბიჭების და მათი დედების პირდაპირ შეურაცხყოფად მიმაჩნია.
ძვირფასო ქალბატონო თამარ, მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე დავით ოქიტაშვილი კიდევ ერთხელ ვგმობ თქვენს ამ საქციელს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა არც დღემდე და არც მომავალში ვაპირებ ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებაში ჩარევას და მით უფრო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თუ მიმიხვდებით, რამ გამოიწვია ჩემი პროტესტი, გაიზიარებთ ჩემს ამ პოზიციას და საჯაროდ განაცხადებთ ამის შესახებ, მე თქვენ მილიონ ბოდიშს მოგიხდით. ყველამ ჩვენ ჩვენი წილი აგური უნდა ვზიდოთ, რომ გადარჩეს საქართველო. ჩვენ ერთიანობით და ერთსულოვნებით უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმღერით მოხდება, თუ სხვა საქმიანობით”, – აცხადებს ოქიტაშვილი.