გორის რაიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან რუსმა ოკუპანტებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს. ადგილობრივთა განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეებმა, სოფელ წითელუბნის განაპირას, 19 წლის ვასილ ხიდაშელი მაშინ დააკავეს როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.
თანასოფლელების განცხადებით, ახალგაზრდას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიმდინარე წლის ზაფხულში ამავე ტერიტორიაზე ვასილ ხიდაშელის მამაც იყო დაკავებული და იგი ცხინვალის მილიციის იზოლატორში რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაანთავისუფლეს.