„ტრაგიკულად არ აღვიქვამ, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში არიან – არის ამაში რაღაც ლოგიკა“
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სააკაშვილის გუნდის წევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნაში განსაკუთრებულსა და ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს,- ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ფანჯიკიძის განცხადებით, რატომაც არ უნდა დაინიშნონ საქართველოს ყოფილი მაღლჩინოსნები, უკრაინაში თუკი უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მათ სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
„არაფერი ტრაგიკული არ არის იმაში, რომ საქართველოს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა უკრაინაშია დასაქმებული. ესენი არ არიან სისხლის სამართლით დევნილები. თუკი უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მათ სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათი ქვეყნისთვის, რატომაც არა. ჩვენც გვყოლია მოწვეული უცხოელი ექსპერტები და მათი სარგებელი დიდი ყოფილა. მე ამას ასე ტრაგიკულად არ აღვიქვამ. ყოველივე ამის უკან არის ალბათ რაღაც ლოგიკა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გზა არის სწორი. მე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ გავაკრიტიკებ. ეს მათი უფლებაა“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა. კვიტაშვილმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ინიშნება. კვიტაშვილის განცხადებით,უახლოეს ხანებში უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძეც დაინიშნოს.
ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია ასევე უკრაინის მთავრობაში კუდის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას, მისი მოადგილის სოსო თოფურიძისა და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც. სოსო თოფურიძე, დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი ძებნილები არიან.