„სააკაშვილმა თავად მისცეს ჯარისკაცებს მაგალითი და უკრაინის დასაცავად იბრძოლოს“

  მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს. სესიაშვილი სააკაშვილს ურჩევს, უკრაინის დასაცავად თავად მიიღოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და ჯარისკაცებს ამ ფორმით მისცეს მაგალითი.
„თუ ასეთი მოწადინებულია სააკაშვილი, რომ ქართველმა ოფიცრებმა უკრაინის დასაცავად იბრძოლონ, თავად მისცეს მათ ამის მაგალითი, თუ სურს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გარკვეული წვლილი შეიტანოს. ფიზიკურადაც მომზადებულია, უშიშროების ჯარებში ნამსახურებიც არის. ის არის უპასუხისმგებლო კაცი, შესაბამისად, მისი განცხადებაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
“უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ქართველი ოფიცერი, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, რომ წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, საქართველოს მტრებთან ომი რომ ჰქვია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები