პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას კანდიდატურა წარადგინა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე იურისტ მერაბ ტურავას კანდიდატურას განიხილავენ. მერაბ ტურავას კანდიდატურა მოსამართლე ვახტანგ გვარამიას ვაკანტურ ადგილზეა წარდგენილი. ტურავას კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შევიდა. მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სწორედ პარლამენტის კვოტით იყო არჩეული მოსამართლე ვახტანგ გვარამია, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრეში ამოეწურა.
პარლამენტი კანონის გათვალისწინებით, ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ან ამოწურვიდან მაქსიმუმ ათ დღეში აერჩია, რაც არ მომხდარა და ერთი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე ვაკანტურად რჩება.
მერაბ ტურავა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. ის უზენაესი სასამართლოდან წლების წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაითხოვეს.