„იმედი აღარ მაქვს, რომ კოტე კუბლაშვილი რეფორმატორის მანტიით დატოვებს მართლმსაჯულების სისტემას“
იმედი აღარ მაქვს, რომ კოტე კუბლაშვილი რეფორმატორის მანტიით დატოვებს მართლმსაჯულების სისტემას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი მისამართით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კოტე კუბლაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს აღიარება, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ კოტე კუბლაშვილი აგრძელებს ჩემი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდია, რომ არსებული პრობელმების და ხარვეზების აღიარება არ ხდება, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს ალბათ მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, მას კოტე კუბლაშვილთან სალაპარაკო არაფერი აქვს.
“კარგად მახსოვს, როდესაც მოვუწოდებდი, რეფორმებისთვის მხარი დაეჭირა და მოსამართლეების კვალიფიკაცია აემაღლებინა, ამბობდა, რომ ეს არის ჩემი ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს დასანანია. ისიც მახსოვს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს სთხოვა, დამიცავი იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც რეფორმებს მაიძულებსო. ამიტომ მე მასთან ნამდვილად არაფერი მაქვს სალაპარაკო”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ კოტე კუბლაშვილმა 6 დეკემბერს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ
თეა წულუკიანი მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა.