9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება
9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
“პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე აუცილებლად დასვამს მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს და გამოხატავს პროტესტს. ასევე, განხილული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში, მიმდებარე ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ასევე დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხს”, -განაცხადა კერესელიძემ.