“რესპუბულიკური პარტია“ კოალიციას წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარებას სთავაზობს
“რესპუბლიკური პარტია” ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის გასატარებელი რეფორმების თემებზე კონფერენციას მართავს სახელწოდებით, “დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“. პარტია მმართველ კოალიციას წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარებას სთავაზობს.
“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები დღევანდელ კონფერენციაზე შემდეგ თემებზე იმსჯელებენ – პოლიტიკური დღის წესრიგი, კონსტიტუციური რეფორმა, საგარეო და უშიშროების პოლიტიკის გამოწვევბი, აგრარული პოლიტიკა.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარება. მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია” თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს კოალიციის ფარგლებში განსაზღვრავს. “დღევანდელი შეხვედრა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჯერ “რესპუბლიკურ პარტიაში” დაიწყო და შემდგომ კოალიციაში, მოგვიანებით კი საჯაროდ გავრცელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, კოალიციის ორწლიანი მმართველობის შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. პარტიაში ახალ გამოწვევებზე მსჯელობა დავიწყეთ. მიმდინარეობს მართვის ახალი მექანიზმების გაანალიზება. დემოკრატიული მოდერნიზაცია ჩვენი ევროპული არჩევანია, ხოლო ევროპული არჩევანი ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე გადის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ. კონფერენციაში მონაწილეობენ დავით უსუფაშივლი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და “რესპუბლიკური პარტიის” სხვა წარმომადგენლები. ღონისძიება მედიისთვის დახურულია.