ეკა ბესელია: საკადრო ცვლილებებში ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც ბესელიამ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, საკადრო ცვლილებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვეულებრივი პროცესია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
„ჩვენთან მშვიდობაა, არაფერი განსაკუთრებული და მითუფრო დრამატული არ ხდება. ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკადრო ცვლილებები, გადაადგილებები, ეს არის იმ ცვლილებების თანმდევი პროცესი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა მთავრობის შიგნით, შეიცვალა რამდენიმე მინისტრი და შესაბამისად, ქვედა რგოლშიც გარკეული ცვლილებების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. თუ გავითვალისწინებთ იმ დინამიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და იმ ბევრ გამოწვევას, რომელიც დგას მთავრობის წინაშე, მოითხოვს განახლებას და ცვლილებებს“, – აღნიშნა ბესელიამ.
კითხვაზე თუ რა აერთიანებთ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, ბესელიამ უპასუხა, რომ „რაღაც ლეგენდის ან საიდუმლოს დანახვა არ იქნება ამ ყველაფერში ლოგიკური“.
„იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც საკუთარი ნებით ისურვეს გადადგომა, იგივე ჩხენკელის შემთხვევაში, ის თავად ითხოვდა სამსახურიდან წასვლას. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ყველა ეს ადამიანი თავისი შესაძლებლობით და უნარით, რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული და შეიძლება სხვა პოზიციები იყოს შერჩეული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას პრემიერთან შეთანხმებით მიიღებენ.
მისივე განცხადებით, ამ პროცესებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ერევა.რაც შეეხება “ქართული ოცნების” ყოფილ აღმასრულებელ მდივანს, ბესელიას თქმით, მისი შესაძლებლობების გამოყენება სხვაგანაც შეიძლება, თუმცა ხელისუფლება ხმაურიანი თემების მიმართ გულგრილობას არ იჩენს.
“იგივე ზვიად ჯანყარაშვილის შემთხვევაში, რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, შეიძლება საჯარო სამსახურში არ იყოს, მაგრამ მისი გვარის სხვადასხვა ფორმით მოხსენიება მუდმივად ხდება და ძალიან ხშირად ცილისმწამებლური განცხადებებიც კეთდება. შესაძლოა, მისი შესაძლებლობა სხვაგან იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ასეთი ხმაურიანი თემების მიმართ გულგრილობის გამოჩენას ვერიდებით”,-განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები