„პრეზიდენტმა სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა და გვაიძულა, კანონი დაჩქარებული წესით მიგვეღო“
„პრეზიდენტს ვეტოს დადების უფლება უნდა ჰქონდეს და საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებით სარგებლობდეს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ კახიანი პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას არ ეთანხმება, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებული პირველი ვეტო, რომლითაც მან პარლამენტს მოსმენების შესახებ კანონის დაჩქარებული მიღება „აიძულა“.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი ვეტო, რომელიც მოსმენების კანონს დაადო. ეს შეეხებოდა კანონის მიღების ვადებს. ეს კანონი პარლამენტს თებერვლამდე უნდა შეემუშავებინა. პრეზიდენტმა ვეტოთი სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა და გვაიძულა, ეს კანონი დაჩქარებული წესით მიგვეღო. პარლამენტი აღმოჩნდა ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, რადგან ერთთვიან ვადაში მოგვიწია ასეთი რთული საკითხის დარეგულირება. მოსაზრებები შეზღუდვასთან დაკავშირებით გულისხმობდა იმას, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა ვეტოს გამოყენების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თვლის, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. მე ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ გავიზიარებ. არაკონსტიტუციურობის გარდა, პრეზიდენტი შეიძლება ამა თუ იმ კანონის მიღებას სხვადასხვა მიზეზისა თუ გარემოების გამო მიზანშეწონილად არ თვლიდეს. ამიტომ ვეტოს შეზღუდვის ინიციატივას მე ვერ გავიზიარებ. მოცემულ მომენტში პარლამენტში ინიციატივის სახით ამ საკითხზე არაფერია შემოსული. თუმცა ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით და საკონსტიტუციო კომისიის ფარგლები ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ მოსმენების კანონს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, იმ რეალობაში რაშიც დღეს ვიმყოფებით, მოსმენების შესახებ მიღებული კანონი იმ ფორმით, რა ფორმითაც მიიღო პარლამენტმა, ოპტიმალური ვარიანტია.