დავით დარახველიძე სამინისტროში დასაქმდება
ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ჩინჩილაკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროში დავით დარახველიძე ერთ-ერთ პოზიციაზე ინიშნება, თუმცა არა მინისტრის მოადგილედ.
„დავით დარახველიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ერთ კვირაში გავავრცელებთ, ამ ეტაპზე დანიშვნის შესახებ ჯერ ბრძანებაც არ დაწერილა. თუმცა, ცნობილია, რომ დავით დარახველიძის კანდიდატურა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე არ განიხილება“, – აღნიშნა ნანა ჩინჩილაკაშვილმა.
დავით დარახველიძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. იგი სოზარ სუბარმა ჩაანაცვლა.