თინა ხიდაშელი: ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, მეც გამეცინა

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი თინა ხიდაშელი ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ბიძინა ივანიშვილის “ხუმრობას” გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა ივანიშვილის ნათქვამი ხუმრობად აღიქვა და ზუსტად მიხვდა, თუ რა იგულისხმა ყოფილმა პრემიერმა.
“ხუმრობა აღვიქვი, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა, მეც გამეცინა და სასიამოვნოა. უფრო სასიამოვნო იყო აღნიშნულ თემაზე მისი განცხადების მეორე ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული რეფორმა არ დასრულებულა, რომ შესაბამისი კანონი დასახვეწია და მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის განცხადებაა, რომელმაც იცის ფასი პრობლემისაც და პრობლემის მოგვარებისაც. ბუნებრივია, მივესალმები ყველა ადამიანს, ვისაც მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია მნიშვნელოვანი და სერიოზული თემების მიმართ. ერთი წამით არ გამკვირვებია და ეჭვი არ შემპარვია, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი პოზიცია ექნებოდა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.
“ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, “ნაციონალები” კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს “რესპუბლიკელების” და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები