„ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები PACE-ის თანამომხსენებლებისთვის ძალიან მისაღები იყო“

ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებისთვის ძალიან მისაღები იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს PACE-ს მომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დაინტერესდნენ ბოლო პერიოდის მოვლენებით, რომლებიც დაკავშირებული იყო ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან. მოისმინეს არგუმენტები, რაც მათთვის იყო ძალიან მისაღები. ალბათ, თვითონ გააკეთებენ შეფასებებს. ყოველ შემთხვევაში, დაფიქსირდა არაერთგზის ნათქვამი არგუმენტი და მათაც ვკითხე დაზუსტებისთვის, თუ არსებობდა სხვა მაგალითები თუ ალტერნატივები იმისა, რომ ვთქვათ, შსს-ს გარე უწყებას ჰქონოდა პროვაიდერებთან ტექნიკური მიბმა კანონიერი მოსმენებისთვის. ასეთი მაგალითი მე ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ ასეთი ევროპაში არ არსებობს, რითაც კიდევ ერთხელ გამიმყარდა რწმენა, რომ სწორედ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და, შესაბამისად, ვუთხარი ისიც, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები