ჯეიმს აპატურაი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა
ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ვითარებას, ასევე რეგიონულ პრობლემებს, უსაფრთხოების გამოწვევებს და უკრაინაში შექმნილ ვითარებას.
“ვისაუბრეთ შიდა მოვლენებზე და აბსოლუტურად შემაშფოთებელი იყო ჯეიმს აპატურაის გზავნილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური დევნა შესაძლოა, გახდეს ნეგატიური და შემაფერხებელი ფაქტორი ნატოში გაწევრიანების გზაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და პასუხისმგებლობა, რომ პროცესი ამ გზით არ წავიდეს და ყველა ერთად არ გადავუხვევთ ჩვენი საერთო მიზნიდან, რაც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი”, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოზრაობის“ კიდევ ერთი წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო იმ უსაფრთხოების გამოწვევას, რომელიც საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის დღის წესრიგში დგას.
“ვისაუბრეთ შიდა ვითარებაზეც, საქართველოს ამოცანაა, ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება თანამიმდევრული და აქტიური, რომ ყველა ბარიერის მიუხედავად, გააგრძელოს საქართველოს დაახლოება ნატოს წევრობასთან და არ შეუქმნას ჩვენს ქვეყანას პრობლემა აბსურდული პოლიტიკით და პოლიტიკური დევნით, რომელიც, რა თქმა უნდა, ბარიერია ნატოში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა ბოკერიამ.