ივანიშვილის პასუხი ალასანიას: ასეთი უმეცარი გამონათქვამებისთვის არასდროს მიპასუხია

ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ალასანიას მხრიდან მისთვის სულმოკლე ადამიანად შეფასების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთი უმეცარი გამონათქვამებისთვის არასდროს უპასუხია.
“ნაციონალური მოძრაობიდან” დაწყებული თემაა, ყველა მათგანი ამას აცხადებს. მე ამას სერიოზულად აღარ ვღებულობ. ასეთი უმეცარი გამონათქვამებისთვის არასდროს არ მიპასუხია. მსგავსი გამონათქვამი გააკეთა პრეზიდენტმა, მას ძალიან მოკლედ ვუპასუხე. ვინც ამას ამბობს, თუ ამას სერიოზულად ფიქრობს, მან არ იცის, რა არის მართვა, არ იცის, რა არის მენეჯმენტი, მე არ მინდა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო, მაგრამ ირაკლი ალასანია იყო ის პიროვნება და ის მინისტრი, რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია. სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ალასანიას, როგორც მენეჯერის უარყოფითი მაგალითიც მოიყვანა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შს სამინისტრომ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ კვების საკითხი ერთ-ორ კვირაში მოგვარა და თავის თანამშრომლებს საუკეთესო კვება დაუნიშნა.
“ირაკლი ალასანიამ ეს ვერ მოახერხა, ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაშალა, ისევ “ნაციონალური მოძრაობის” დაფუძნებული ძველი კომპანია ემსახურებოდა. ბევრი მოიწამლა და დიარეა ჰქონდათ ჯარისკაცებს, ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა არჩევნების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში ირაკლი ალასანიამ გამარჯვება ვერ მოახერხა.
“არჩევნების დროს ირაკლი ალასანიას სამეგრელოს რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული. მისივე ინიციატივით ეკა ბესელიამ კი მოისურვა, რომ ფოთში ის ყოფილიყო და ეს რეგიონი ალასანიას არ დაქვემდებარებოდა. ეკა ბესელიამ გაიმარჯვა კიდეც, ყველგან წავაგეთ სამეგრელოში. ამ დროს რეგიონი იყო მომართული და ეს ზუგდიდის აქციამაც აჩვენა. მათ განწყობაც ჰქონდათ და ჩვენ სხვა შედეგებს ველოდით, თუმცა ვერ გაიმარჯვა ვერც ერთ ადგილას, ამავდროულად, ვერც ერთი დარღვევა ვერ დააფიქსირა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასანიას ამ ყველაფერს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები