ჯეიმს აპატურაი: აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება.
“ღრმა დეტალები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან და მინისტრ ალასანიასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვქონდა. ჩვენ ვართ შეშფოთებული, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება. თუ ეს აღქმა ფართოდ მოიკიდებს ფეხს ნატოს მოკავშირეებში, ეს, რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ კომენტარი გავაკეთო მთავრობაში განხორციელებულ გადაადგილებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ამ თემებზე მუშაობისას პროცესები, რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს. ასევე მიმდინარეობდეს სისტემის რეფორმირება და ვიცი, რომ ასეც ხდება”,- განაცხადა აპატურაიმ.