„ილიაუნის რექტორმა მღვდელმსახურს უნივერსიტეტში ლექციების კურსის ჩატარება აუკრძალა“
„ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურ თეოდორე გიგნაძეს რელიგიურ საკითხებზე ლექციების კურსის ჩატარება აეკრძალა“, – აღნიშნული განცხადება „უფლებადაცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
უფლებადაცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ილიაუნში მღვდელმსახურ თეოდორე გიგნაძისა და ათეულობით მართლმადიდებელი სტუდენტის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია განხორციელდა.
მისი განცხადებით, იმდენად დიდი იყო სტუდენტების სურვილი, დასწრებოდნენ მღვდელმსახურის მიერ რელიგიურ თემაზე ლექციას, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია აღშოთდა.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სირცხვილია, როცა ილიაუნის კარი ერეკლე დეისაძისთვის ღიაა, ხოლო მღვდელმსახურ თედორე გიგნაძისთვის დაკეტილი. მჟავანაძე მოძღვრისა და მართლმადიდებელი სტუდენტების დისკრიმინაციის გამო პროკურატურას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
,,ადგილი აქვს სიტყვისა და აზრის თავისუფლებასთან და აღმსარებლობის გავრცელებასთან საყოველთაოდ აღიარებული უფლების დარღვევას, ეს უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუცის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლში, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლში ვკითხულობთ: ,,ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების’’. ზემოხსენებული ნორმები უზურნველყოფენ ყველა ადამიანის მიერ ამ მუხლებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას და, ამასთანავე, ნებისმიერი გზით მათი ხელყოფის აკრძალვას.
,,ილიაუნის’’ რექტორის გიგა ზედანიას გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის გამოვლენა. რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლითაც ადამიანების ნებისმიერი სახის დიფერენცირება სასტიკად აიკრძალა. საინტერესოა, რა აზრი აქვს მხოლოდ ქაღალდზე დატანილ ნორმას, თუკი რეალურად კვლავაც გვექნება დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტები? იმდენად დიდი იყო სტუდენტების სურვილი დასწრებოდნენ მღვდელმსახურის მიერ რელიგიურ თემაზე ლექციას, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია აღშოთდა. მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური ჯგუფის ინტერესების უფლებები შეილახება, იმ წუთასვე ხმაურს ტეხენ. დღეს კი არამარტო ერთი მღვდელსახურის, ასობით მართლმადიდებელი სტუდენტის უფლებები დაირღვა, ამას არ უნდა მოყვეს რეაგირება? რატომ ხდება უმრავლესობის უფლებების უგულებელყოფა? ‘’- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ “კვირას” პრესკლუბში.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მიმართავს სახალხო დამცველის აპარატს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ადგილი აქვს დისკრიმინაციის აშკარა შემთხვევას და წარმოშობილია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოში სარჩელით მიმართვის უფლებაც. აღნიშნულზე ზედამხედველობის ვალდებულება კი ანტიდისკრიმინაციული კანონით სწორედ სახალხო დამცველს აკისრია.
„მოვუწოდებთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, დროულად ჩაერთონ აღნიშნულ საკითხში, შესაბამისი ქმედებების განხორციელებით აღმოფხვრან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი მღვდელმსახურ მამა თეოდორესა და ასეულობით მართლმადიდებლის მიმართ. მოვუწოდებ უჩა ნანუაშვილს, „24 საათში“ გააკეთოს ამ საკითხზე გაცხადება, მთავარმა პროკურატურამ კი დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან დაკავშირებით. იმ დროს, როცა ერეკლე დეისაძის და სხვა ათასი ღვთისმგმობელისთვის ილიაუნის კარი ღიაა, იმავე უნივერსიტეტის კარი იხურება მღვდელმსახურისთვის, რომელსაც სურს სტუდენტებს ლექციათა კურსი რელიგიურ საკითხებზე წაუკითხოს“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.