„უკრაინის მთავრობაში დასანიშნად, ადეიშვილთან ერთად, სოსო თოფურიძისა და დათა ახალაიას კანდიდატურებიც განიხილება“

„უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე დასანიშნად, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას და მისი ყოფილი მოადგილის სოსო თოფურიძის კანდიდატურები განიხილება“, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
წითელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი მაღაჩინოსნების დანიშვნაში დიდი ფული გადაიხადა.
„მიხეილ სააკაშვილს ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და მისი გარემოს რეაბილიტაციისთვის სჭირდება. ის საკუთარი თავისთვის მუდმივ სამყოფელს ეძებს და ცდილობს, მისი გუნდის დამნაშავე წევრებიც გვერდით ჰყავდეს. კატეგორიულად მიუღებელია მათი დანიშვნა, ადეიშვილიც, თოფურიძეც და ახალაიაც ძებნილები და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. თუმცა წარდგენილი კანდიდატებიც, მართალია მათთვის საქართველოს ხელისუფლებას ბრალი არ წაუყენებია, მაინც დამნაშავეები არიან, რადგან ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოადგენდნენ. საკმაოდ ძვირი უჯდებათ მათ საკუთარი თავის და თავისი გუნდის რეაბილიტაცია. ახალაიას გადასარჩენად სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საბერძნეთის სასამართლო მოისყიდა და მის გათავისუფლებაში ერთი მილიონი ევრო გადაიხადეს. დღეს კი უკრაინის ხელისუფლებაში მათ დანიშვნაში იხდიან ფულს“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
წითელაშვილის თქმით, საქმეში სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის ხელისუფლებას, ადეიშვილის, ახალაიას და თოფურიძის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები