გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ვარშავას ეწვევა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოსა და პოლონეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართულ დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის სეიმის მარშალს რადოსლავ სიკორსკის.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავკასიურ სესიას გახსნის.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგება პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში თემაზე: „საქართველო-ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ და ექსპერტებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში 5 დეკემბერს დაბრუნდება.