„სამართალდამცველები თავდაცვის სამინისტროს კიდევ ბევრ საქმეს სწავლობენ. ისინი ცდილობენ, ირაკლი ალასანიაზე გავიდნენ“
„არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ სამართალდამცავები თავდაცვის სამინისტროდან წაღებული საქმეებიდან ირაკლი ალასანიაზე გავიდნენ“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გოგუაძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სურვილისა, სამართალდამცავები ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ვერაფერს იპოვიან. ალასანიას გუნდის წევრმა პარტიის თავმჯდომარის შტატებში ვიზიტიც შეაჯამა.
მისი თქმით, ალასანიას მთავარი მესიჯი ყველა შეხვედრაზე იყო ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას საქმე არ უნდა შეექმნას.
„კაბელების საქმეში“ არანაირი კორუფციული გარიგება არ ყოფილა. გაცნობილი მასალების მიხედვით, ადვოკატები აცხადებენ, რომ არანაირი დანაშაული ამ მასალებში არ იკვეთება. ეს ადამიანები წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდნენ. ისინი თვეების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებთან მუშაობდნენ და არანაირი ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ისინი თავს აარიდებენ გამოძიებას, არ არსებობს. მათი გათავისუფლება საჭიროა, რომ არავის შეეპაროს ეჭვი გამოძიების მოქმედებებში. ჩვენს ინტერესშია, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს. აშკარაა, არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ სამართალდამცავები თავდაცვის სამინისტროდან წაღებული საქმეებით ცდილობენ ირაკლი ალასანიაზე გასვლას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ბევრი საქმე წაიღონ, არანაირი ბრალეულობა ირაკლი ალასანიასი არსად იქნება. ვერანაირი სპეცოპერაცია ირაკლი ალასანიას წესიერებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. კიდევ ახალ საქმეებს და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ უსიამოვნო კამპანიის დაწყებას ველოდებით. რაც შეეხება ალასანიას ვიზიტს, მას, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა აშშ-ში, ის სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჰქონდა კერძო შეხვედრებიც. არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, გარდა სახელმწიფოებრივი საქმეებისა, სხვა თემებზე, მათ შორის ე.წ. კაბელების საქმეზე, საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.