თეა წულუკიანის გერმანიაში ვიზიტი დაიწყო

გერმანიაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში გამართა.
შეხვედრა კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში დაგეგმვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროს დარიკ შათშნაიდერთან გაიმართა. საუბრის თემა იყო სამართლებრივი კონსულტაციები, რეგიონული თანამშრომლობა და კარგი მმართველობა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წლებია, გერმანია სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ფედერალური განვითარების სამინისტროს მეშვეობით საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ეხმარება. მინისტრმა ამისთვის საქართველოს მთავრობის სახელით გერმანული სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
საუბრისას თეა წულუკიანმა რამდენიმე საკითხი გამოყო, სადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერმანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში სასამართლოს და სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერის პროექტი.
“ეს პროექტი, გარდა იმისა, რომ არის ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეხმარება ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას, რომ საქართველომ სწორი მიმართულებით იაროს”, − აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რასაც გერმანიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა.
“წინ გვაქვს გრძელვადიანი სამუშაო ევროკავშირის სამართლის ნორმებთან დასაახლოებლად. ამის გამო სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტროში ევროპის სამართლის დეპარტამენტი შევქმენით. ის იურისტები, რომლებიც ჩვენ ფართო კონკურსის შედეგად შევარჩიეთ, კარგი იურისტები არიან, თუმცა, მათ მოუწევთ აპროქსიმაციასა და ჰარმონიზაციაზე მუშაობა, რისი გამოცდილებაც არ აქვთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, უპირველესად კი, გერმანია, მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარებით”, − განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კარგი მმართველობის კუთხით, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატება. საქართველო 2011 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის წევრია.
“იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები სწრაფად მიდის და კარგი მმართველობის მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ჩვენ 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აგვირჩიეს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ვართ მე-11 ადგილზე 200-მდე ქვეყანას შორის, სადაც, შესაძლებლობა იმისა, რომ კორუფცია აღორძინდეს, არ არსებობს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მთავრობა არის ღია და გამჭვირვალე, რასაც ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მედიასთან თანამშრომლობით. სწორედ ჩემი ინიციატივით შეიქმნა იუსტიციის სამინისტროში პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მანამდე ამ სამინისტროს არც სურვილი და არც ასეთი სტანდარტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში არ ჰქონია”, − განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო ქმნის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რისთვის აუცილებელია, სასწრაფოდ მომზადდეს ის კადრები, რომლებმაც არასრუწლოვნებთან უნდა იმუშაონ, რაშიც გერმანიის დახმარება უმნიშვნელოვანესი იქნება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს იმ პროექტებისათვის, რომელთაც GIZ და IRZ ახორციელებს. გერმანიის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, სადაც სამართლისა და სამართლის პოლიტიკის სფეროში აქტიური და უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა გვაქვს.
დარიკ შათშნაიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლობის კვალიფიკაციის ამაღლებაში კონკრეტულ დახმარებას გაუწევენ იუსტიციის სამინისტროს, ისევე, როგორც სხვა რეფორმების მომზადებასა და განხორციელებაში. სწორედ ამისთვის GIZ და IRZ ახალ პროგრამებს იწყებენ საქართველოში, რაც მოქნილი ინსტრუმენტი იქნება იმისათვის, რომ გერმანია სწორედ იმ სფეროში დაეხმაროს საქართველოს, სადაც მას ეს დახმარება სჭირდება.
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტორს დელეგაციის სიანფორმაციო ვიზიტი გერმანიაში GIZ-ის პროგრამის − “სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში” − და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები