უსუფაშვილი “ნაციონალებზე”: ეს არის თვითრეალიზაციის და სადმე ჩაბღაუჭების გააფთრებული მცდელობა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში თანამდებობის დაკავების სურვლს  “სამშობლოში პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის რეაბილიტაციისა” და “სადმე ჩაბღაუჭების” მცდლეობად აფასებს. როგორც უსუფაშვილმა „კავკასიის“ ეთერში  განაცხადა, საქართველოს მთავრობა არ ჩაერევა სხვა ქვეყნის საქმეში.
“ჩვენ სწორედ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ვაღიარებთ ყველა სხვა ქვეყნის და ხელისუფლების სუვერენულ უფლებას, მართონ თავიანთი ქვეყანა ისე, როგორც წარმოუდგენიათ, ამიტომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ ჩაერევა სხვის საქმეებში. რაც შეეხება თავად ამ გუნდის წარმომადგენლების მიერ გამოწვეულ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ კიევში ხშირად არიან და იქ მათ ჭკუასაც ეკითხებიან, ეს გასაგებია – ეს არის იმ გუნდის რეაბილიტაციის, თვითრეალიზაციის და სადმე ჩაბღაუჭების გააფთრებული მცდელობა, რომელმაც განიცადა სრული კრახი და საკუთარ სამშობლოში პოლიტიკურად გაკოტრდა.
ყველაზე დიდი უბედურებები სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც ძალიან კვალიფიციური ადამიანების ჩადენილია ხოლმე. არაკვალიფიციური და უუნარო ადამიანები ვერც კარგს აკეთებენ და ვერც ცუდს, ამიტომ მე არ შევდივარ იმის განსჯაში, ვინ არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინ არა. წინა ხელისუფლებაში ბევრი უნარიანი მინისტრი იყო, რომელმაც შექმნა ისეთი რეპრესიული სისტემა, როგორიც შექმნა. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მარტივი იყო. ამიტომ, მათ უნარებსა და კვალიფიციკაციაში მე ეჭვი არასდროს შემპარვია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები