საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის მიერ აფხაზეთთან ე.წ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე განცხადება გააკეთა.„მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ამასთან. მინისტრის განმარტებითვე, საგარეო უწყებამ გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა.
“გაეროში უკვე მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება. ეუთოში უკვე მოვითხოვეთ სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება. ამ საკითხს ჩვენ დავსვამთ აქტიურად ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და ნატოში. იგეგმება ვიზიტები დედაქალაქებში. უკვე განხორციელდა სატელეფონო საუბრები ჩვენს პარტნიორებთან. ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საქართველო მწვავედ დაყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში 10 დეკემბერს. როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველო მტკიცედ სთხოვს საერთაშორისო პარტნიორებს, დაგმონ ე.წ. ხელშეკრულება და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას, ხელი აიღოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები