პუტინი ხაჯიმბას ფინანსური დახმარების გაორმაგებას დაჰპირდა
რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გაორმაგდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც რუსული მედია პუტინზე დაყრდნობით წერს, დღევანდელი შეხვედრა ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების მთელ კომპლექსს. “ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია ამ დახმარების ორჯერ გაზრდა”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რაულ ხაჯიმბამ კი განცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შესაძლებლობას მისცემს.
“თუ ადრეულ წლებში ჩვენ სპეციალურ პროექტებზე ვიყავით მობილიზებული, დღეს ჩვენს წინაშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების დონის აწევა დგას”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოჭში, “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ.