პუტინმა და ხაჯიმბამ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს

 

     რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ” ე.წ. შეთანხმებას ხელი მოეწერა. “იტარ-ტასის” ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და დღეს ამ შეთანხმების ხელმოწერით აფხაზეთი ახალ ფაზაში გადადის. როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, შეთანხმების ხელმწერის შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს. რუსული მედიის ინფორმაციითვე, შეთანხმება 10 წლის ვადით გაფორმდა მისი ხუთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. დღესვე აფხაზეთში აღნიშნულ შეთანხმებას აფხაზური საზოგადოების ნაწილი აქციაზე აპროტესტებდა. შეთანხმებაში “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: “კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება”; “საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის”, “საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის” შექმნა, აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ. ”
კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების” ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.
“საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის” ფარგლებში იგულისხმება რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზანი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად. დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე თუ ერთი მხარის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების ჯგუფის მხრიდან განხორციელდება შეირაღებული თავდასხმა, ეს განხილული იქნება, როგორც შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხარე მეორეს გაუწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის სამხედროს. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება კოორდინირებული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დავალებების შესასრულებლად. აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები