“ამცახარას” წევრებმა სპეციალური რეზოლუცია მიიღეს და სოხუმში რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმებას გმობენ
სოხუმში პარტია „ამცახარა“ წევრებისა და მომხრეების მიტინგი ჩატარდა. „ამცახარა“ გმობს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის „მეკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას. ამასთან დაკავშირებით პარტიამ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ მიტინგის მონაწილეები: „ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტების, როგორიცაა „მეკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების დამუშავებისას და მიღებისას აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის მეთოდებს და პროცედურებს გმობენ“.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დე ფაქტო აფხაზეთის „მთავრობას“და „პრეზიდენტს“ უნდობლობას უცხადებენ. ეს თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას უკავშირდება. მომიტინგების აზრით, ეს შეთანხმება „აფხაზეთის“ სუვერენიტეტს ზღუდავს. „ამცახარას“ წევრები და მომხრეები ასევე დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე უარისკენ მოუწოდებენ და დაჟინებით მოითხოვენ, რომ „მთავრობამ“ სახელმწიფოთაშორისო და სახელისუფლებათაშორისო დარგობრივ შეთანხმებებზე იმუშაოს და ამ მუშაობაში პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართოს.
ამ მოთხოვნების „მთავრობის“ მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტია „ამცახარა“ უფლებას იტოვებს, ხალხს მიმართოს იმისთვის, რომ „პრეზიდენტმა“ და „მთავრობამ“ საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.