დე ფაქტო აფხაზეთის უხუცესთა საბჭო რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების წინააღმდეგია

დე ფაქტო აფხაზეთის უხუცესთა საბჭო რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის. საბჭო დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას და მის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. უხუცესთა საბჭო, მათ შორის, „ამცახარას“ წევრები სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი დოკუმენტში ჩადებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ხელშეკრულების ვარიანტის მიხედვით, აფხაზებს იმის უფლება ერთმევათ, რომ თვითონ აწარმოონ ბიუჯეტი, საბაჟო კონტროლი და სხვა. მსგავსი ხელშეკრულება რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთს წლების წინ შესთავაზა, რაზეც იმდროინდელმა დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარი განაცხადა.
აფხაზთა უხუცესთა საბჭოს მოთხოვნით, დღეს მიღებული ნაჩქარევი რეზოლუცია მოსახლეობასთან იყოს შეთანხმებული. ცნობილია, რომ საბჭო ხელშეკრულების განხილვის პროცესში ჩართვას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. უხუცეთა საბჭო რაულ ხაჯიმბას ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ ხაჯიმბას ხელისუფლებამ რეზოლუცია ცალსახად არ უნდა მიიღოს.
ცნობილია, რომ უხუცესთა შეკრება იყო დაგეგმილი. შეკრებაზე ხაჯიმბაც იყო მიწვეული, თუმცა მონაწილეობაზე დე ფაქტო ლიდერმა უარი განაცხადა. შეკრება ხვალ, 12 საათზე გაიმართება. უხუცესთა საბჭო და ,,ამცახარა“ ხაჯიმბას პრორუსულ პოლიტიკას უწუნებენ და ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში დე ფაქტო აფხაზეთის განვითარება გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები