პაატა ზაქარეიშვილი: მოკავშირეობის შესახებ ე.წ. დოკუმენტიც ისეთივე უკანონოა, როგორიც სხვა დანარჩენი
აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ვარიანტისთვის მხარდაჭერის ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა.
ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ე.წ. დოკუმენტიც ისეთივე უკანონოა, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, რომლებიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმდა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპისკენ სვლის პარალელურად რუსეთის რეაქციას წარმოადგენს. ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ფაქტორები საქართველოსთვის ხელისშემშლელი ვერ იქნება.
“არსებითი ცხვლილებები აფხაზეთთან მიმართებაში ხდება არა დღეს, არამედ 2008 წლის აგვისტოში. იქიდან მოყოლებული ყოველი ნაბიჯი არის რუსეთის მცდელობა, მოახდინოს მეტი ანექსია. ეს არის რეაქცია იმაზე, რასაც საქართველო აკეთებს, რომ მიემართება ევროპისაკენ, ევროპული ინსტიტუტებისაკენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციაში მომზადებული „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულება მიიღო.
„აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის და სტრატეგიული პატრნიორობის ხელსეკრულების პროექტი. აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს”, – ნათქვამია თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.