“ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ცვლილებებით, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ხარვეზების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა “გრანტების შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მეტი მკაფიოობისთვის, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ცვლილებებით, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად, ხარვეზების გარეშე, შეფერხებების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ისე, როგორც ეს ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული. თუმცა იმის მიღმა, რა თქმა უნდა, როდესაც მათ ექნებათ სურვილი, რომ გარკვეული პროექტები დააფინანსონ, ენჯეოები დააფინანსონ ან სხვაგვარი ფორმით შეეცადონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, მათ რჩებათ იმის ვალდებულება, რომ აიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.