„ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანაში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, საქართველომ უნდა გაანულოს იმპორტი და სრულად უზრუნველყოს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიით შიდა საჭიროებები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალები გააცნო.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გეგმის პირველი ფაზა გულისხმობს მზის, ქარისა და ჰიდროენერგიის კუთხით 4,000 მეგავატი სიმძლავრის დამატებას. რაც შეეხება მეორე ფაზას, 2032 წლიდან 2036 წლამდე, ჯამურად, უნდა დაემატოს 2,750 მეგავატამდე და ეს ფაზა, ძირითადად, სრულად მიმართულია ისეთი პროექტებისკენ, როგორიცაა მსხვილი ჰესები. ყველა პროექტს თავისი გონივრული განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვადები აქვს განსაზღვრული და სწორედ ეს არის ლოგიკა 4,000 და 2,750 მეგავატს შორის”.
ღონისძიებაზე მინისტრმა ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 4,000 მეგავატის სიმძლავრის წარმატებით დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 570 მლნ ევრო დასჭირდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, რომელიც 2032 – 2036 წლამდე პერიოდს მოიცავს, ელექტროსისტემას დასჭირდება დამატებით 400 მლნ ევროს ინვესტიცია, რათა 2036 წლამდე ქსელში 11,500 მგვტ-ი დაერთდეს.
მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა გამოიკვეთა – ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის განხილვის პროცესი უნდა იწყებოდეს ეკონომიკის სამინისტროში და სრულდებოდეს ასევე ეკონომიკის სამინისტროში. „ეს იქნება სამართლიანი, გამჭირვალე პროცესი და სახელმწიფოს ეცოდინება, რომ ვალდებულება, რომელიც მემორანდუმის ხელმოწერისა თუ შემდგომში „საქართველოს ელექტროსისტემასთან” დაერთების ნებართვის გაცემისას განისაზღვრება, ორივე მხრიდან იქნება სამართლიანი. აღარ იარსებებს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რამაც ენერგეტიკული სექტორი თითქმის კოლაფსამდე მიიყვანა – ეს იყო არათანმიმდევრულობა, ე.წ. „დაბევებული” ნებართვები, როდესაც არ არსებობდა არავითარი მემორანდუმი სახელმწიფოსა და დეველოპერს შორის,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების პატიება იყო. „მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება ჯარიმების პატიებასთან დაკავშირებული პროცესი და გვეცოდინება, რომელი ენერგეტიკული პროექტები რჩებიან და ასრულებენ განახლებული მემორანდუმების ფარგლებში ოპერირებას. ვხედავთ, რომ დინამიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, არის რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც გაუქმებისკენ მიდის, თუმცა, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჯარიმა ვაპატიოთ იმ პირობით, რომ განესაზღვრება ახალი ვადები ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ამ ვადებსაც მივყვებით, უბრალოდ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს ვეღარ გადაიქცევა ისეთ ვადებად, რაზეც დღეს პატიების საჭიროება დადგა” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი დიალოგისა და ქმედითი ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, გვქონდეს ღია დიალოგი კერძო სექტორთან და ყველა ახალი ინიციატივა იყოს თქვენთან შეჯერებული. ეს არის ალბათ იმის საწინდარიც, რომ სექტორი სწორად და ჯანსაღად განვითარდეს. ჩვენი მოტივაციაა, შემოგთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად განავითაროთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა საჯარო – კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად მოიყვანა კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში საშემოსავლო გადასახადი განაწილების წესის ცვლილება ითვალისწინებს. გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილმა განსახილველად მთავრობის ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც 5-მგვტ-მდე ელექტროსადგურების პროექტებს შეეხება.
მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილით უკვე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
შეხვედრა განახლებადი ენერგიების ასოციაციის „გრედას” ორგანიზებით გაიმართა. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ესკოს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე, აგრეთვე პროფილური ენერგეტიკული დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.