დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ-რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნას აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახური
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ [„იმედი„ და „პოსტივი”] სანქციების ამოქმედებაზე და იმავეს ურჩევს ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახურის მიმართ. პოსტს, რომელიც ქართველიშვილმა გამოაქვეყნა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილის ფორმა აქვს:
„UK Prime Minister აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნეს აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახური. ასევე ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოვლენილი ყველა ბრიტანული კომპანია, რომელმაც 2022-2025 წ.წ. საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ოკუპანტ რუსეთთან 8 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა დააფიქსირა.
ამ თანხით, სულ მცირე საშუალო კლასის 300 ათასი დრონის შესყიდვა იქნებოდა საკმარისი, რათა ასობით ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის და უამრავი სამხედრო ტექნიკის განადგურება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ ინფორმაციას გიგზავნით სრულიად უსასყიდლოდ – თქვენი სახელმწიფოს მიერ უკრაინისთვის გულწრფელი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევის ფარგლებში! პატივისცემით,” – აღნიშნულია დავით ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.