ნანა კაკაბაძე: 2025 წელს ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ხდება მსოფლიო გადანაწილება; რაც უფრო ადრე აუწყობენ ჩვენი პოლიტიკოსები ფეხს და დროულად გამოვლენ ფსევდოლიბერალური მავნე პოლიტიკური ზეგავლენიდან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

„2025 წელს ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ხდება მსოფლიო გადანაწილება და ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადება. რაც უფრო ადრე აუწყობენ ჩვენი პოლიტიკოსები ფეხს ახალ მსოფლიო წესრიგს და რაც უფრო დროულად გამოვლენ ფსევდოლიბერალური მავნე პოლიტიკური ზეგავლენიდან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე წერს.

„2025 – ცვლილებების წელი

განვლილი ერთი წლის ტრადიციული შეჯამებისას ყურადღებას მივაქცევთ იმ მოვლენებს, რომლებსაც პირველად ჰქონდა ადგილი ჩვენს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

2025 წლის 1-ელ იანვარს პირველად მოხდა, რომ ადამიანების დიდმა ჯგუფმა შუა რუსთაველზე დემონსტრაციული დიდი საპროტესტო სუფრა გაშალა და იქ შეხვდა ახალ წელს.

ეს ოპო-მოქალაქეებმა მორიგ კრეატიულ მიგნებად მიიჩნიეს და შედეგიან საპროტესტო თავყრილობად ჩათვალეს, რის გამოც სავარაუდოა, რომ ეს ხალხი 2026 წელსაც ისევ ასეთ „საპროტესტო“ სუფრას გაშლის ქალაქის ცენტრში და მორიგ გამარჯვებას იზეიმებს „რუსულ ძალებზე“.

აქამდე მსოფლიომ იცოდა „საპროტესტო მოძრაობა“, „საპროტესტო მიტინგი“, „საპროტესტო შიმშილობა“ და ა. შ., მაგრამ „საპროტესტო სუფრა“ ნამდვილად ქართულ-ფსევდოლიბერალური ნოუჰაუა.

ამ ნოუჰაუს ავტორები თავს წარმოაჩენენ ქვეყანაზე მზრუნველ დიდ პატრიოტებად (მათი ნაწილი მართლაც შეიძლება გულწრფელად ასეთი იყოს, ოღონდ დიდ გაუგებრობაში არიან მოხვედრილები), თვლიან რომ „რუსული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების გზა არც არჩევნებია, არც რევოლუცია (ორივე ბევრჯერ სცადეს), რის გამოც ძალაუფლების ხელში აღების ერთადერთი გზა ყოველდღიური საპროტესტო აქციებია.

მართლაც 2025-მა თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების აკომპანემენტით ჩაიარა და საინფორმაციო საშუალებები ყოველდღე აუწყებდნენ საზოგადოებას:

„რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – გადაიკეტა საავტომობილო გზა“.

ოპო-მოქალაქეებს ეს ფრაზები გულზე სალბუნად ეფინებოდათ, თუმცა, ხელისუფლებამ მანიპულაციების საფრთხეების გაუვნებელყოფის მექანიზმების ძიებაში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რომელიც შეზღუდავდა კვაზი გამოხატვის ისეთ თავისუფლებას, რომელიც საზოგადოების ინტერესების გამოხატვის ნაცვლად, საზოგადოების ინტერესების დამაზიანებლად იყო გამოყენებული.

დღეისათვის აღარ გვესმის ამ ნიუსის მეორე ნაწილი – „გადაიკეტა საავტომობილო გზა“, თუმცა ოპო-მოქალაქეები იმითაც კმაყოფილი არიან, რომ სანუკვარი პირველი ფრაზა – „რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება“ – ისევ გაისმის საინფორმაციო საშუალებებში.

2025 წელს სხვაც ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო პარლამენტმა.

მთლიანობაში ეს წელი კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურებით აღინიშნა.

თითქმის ყოველდღე ვიგებდით საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ კორუფციული ან ნარკოტიკული დანაშაულისთვის თუ ქურდული სამყაროს წევრობისათვის აკავებდნენ ათეულობით ადამიანს.

გაიზარდა აგრეთვე საქართველოდან დეპორტირებული იმ უცხოელების რაოდენობა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოში ყოფნის კანონით დადგენილი ვადები.

განსახილველ პერიოდში ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაატოვებინა ვივამეიდის ოროთახიანი კომფორტული პირობები და ციხეში გადაიყვანა.

სააკაშვილის სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმ გამოვლილებიდან ბევრს მაინც გული წყდება, რომ სააკაშვილს ციხეშიც ადამიანურ პირობებში უწევს სასჯელის მოხდა და არა იმ პირობებში რომელიც მის დროს იყო დამყარებული ციხეთა სისტემაში.

2025 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ კვლავ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები საქართველოს სასარგებლოდ, რომელმაც იურიდიული დასაბუთებით ცივი წყალი გადაასხა ჩვენი ქვეყნის მიმართ წარდგენილ ბევრ ისეთ ბრალდებას, რომელსაც ქართველ ოპო-აქტივისტებთან ერთად ბრიუსელის კორუმპირებული თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩინოვნიკები აბრალებდნენ საქართველოს ხელისუფლებას.

გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს მოუგო, რეკეტულად დაბლოკილ მის ქონებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სასამართლო ლონდონში, თუმცა, სამართალმა ვერ იზეიმა, მის მიმართ დაკისრებული უსამართლო სანქციების გამო და ის დღემდე აღუსრულებელია. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იურიდიულ მტკიცებულებებზე და სამართალზე უფრო მაღლა დგას ჩრდილოვანი პოლიტიკური ინტერესებით მანიპულირება.

საინტერესო იყო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მიმდინარეობა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე მოსაუბრე მოწმეების და დაზარალებულების მიერ მოყოლილი უსამართლობის ისტორიები, ამ კომისიის მუშაობამ ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა.

1. კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და

2. ქართულ რეალობაში დაიბადა სრულიად ახალი ფენომენი – პოლიტიკოსთა თვითდაპატიმრებები, რომლებსაც მათ მიმართეს ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს შეგნებულად არ გადახდის გზით.

გასულ წელს საქართველოს სტაბილური მდგომარეობის დამადასტურებელი მაგალითი იყო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი – 2025”-ის (თებერვალში) და მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული ჩატარება თბილისში (ზაფხულში), რომელთა შეფასებისას ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთხმად აღნიშნეს:

„საქართველომ ამ ღონისძიებების ჩატარებით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება“-ო.

2025 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც დიდი უპირატესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. რეალურად არსებული ოპოზიციური პარტიებიდან ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ლელომ“, „გირჩმა“ და გახარიას პარტიებმა მიიღეს, ხოლო ნაცებმა და მათმა დანარჩენმა ანასხლეტებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ბევრი ფიქრობს და ჩვენც ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ამით ბოიკოტისტებმა შეგნებულად აარიდეს თავი მორიგ დამარცხებას, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპო პარტიების მოქმედების დღევანდელი გეგმა ასე გამოიყურება: „არც არჩევნები, არც რევოლუცია, არამედ რაღაც სხვა“. ეს „სხვა რაღაც“ კი, მათი აზრით, არის ყოველდღიური საპროტესტო აქციები, რომელმაც უნდა დაღალოს და წელში გადატეხოს ხელისუფლება. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ თავის მოტყუება და გამარგინალებისკენ მიმავალი გზაა, რადგან აშკარაა, რომ პროტესტანტთა რაოდენობა არ იზრდება, მათი რიცხვი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს, ამ ოდენობით კი არ არსებობს იმ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პერსპექტივა, რომელსაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა არჩევნებში. ეს არ არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ოპოზიციისთვის, სულ ერთია, რას დაარქმევ მას – „რევოლუციას“ „სახელმწიფო გადატრიალებას“ თუ „მშვიდობიან დამხობას“.

ჯერჯერობით ასეთ გაწელილ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ოპო-საზოგადოებაში მხოლოდ ფლუსტრაცია და სასოწარკვეთა მოაქვს, რომლის გამოვლინება 2025 წელს ჯერ 4 ოქტომბერს გამოცხადებული“მშვიდობიანი დამხობა“ იყო, ხოლო შემდეგ – ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური ტერორის აქტის განხორციელების მცდელობა.

რადგან ინდივიდუალურ საკითხს შევეხეთ, უნდა გავიხსენოთ გასულ წელს წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალდებები ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ, აგრეთვე თორნიკე რიჟვაძის თავს გადახდენილი თვითმკვლელობის მცდელობის ისტორია, რომლის შესახებ გამოძიება და სიმართლის გამომზეურება საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

ასევე საინტერესო იყო გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის, უცხოეთში დაკავებისა და საქართველოში ჩამოყვანის ისტორია, რომელიც უმრავლესობამ შეაფასა, როგორც სუს-ის მიერ მაღალ დონეზე ჩატარებული იმის მსგავსი სპეცოპერაცია, რომელიც არაერთხელ ჩაუტარებიათ ისრაელის სპეცსამსახურებს.

გასულ წელს დიდი აჟიოტაჟი ატყდა საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ინვესტიცია კი არა, არაბების ჩამოსახლების პროგრამაა, რადგან ამით იყიდება ქართული მიწები, დაიწყება არაბიზაცია, გამრავლდება მეჩეთები, დაირღვევა დემოგრაფიული ბალანსი და ა. შ.

ამაზე ხელისუფლება პასუხობს, რომ ამ ინვესტიციას დიდი ეკონომიკური მოგება მოაქვს ორივე მხარისთვის და არც ერთ ქვეყანაში, სადაც ეს კომპანია ახორციელებს პროექტებს, არსად არ დამდგარა არაბიზაციის პრობლემა. თანაც, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ქაღალდზეა და როგორც ჩანს, ამ თემაზე მომავალი დაპირისპირებები ჯერ კიდევ წინ არის.

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ BBC-ის გახმაურებული ფილმი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ 2024 წლის ნოემბერდეკემბერში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ბევრი შეეცადა ფილმის გამოყენებას რევოლუციური მოძრაობისათვის ახალი იმპულსის მისაცემად, მაგრამ სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებმა მალევე ჩააცხრო ეს აჟიოტაჟი.

ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო გაამყარდა მისივე განცხადებით, რომ ის თანახმაა, ნებისმიერ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს საგამოძიებო მასალები და დაუკმაყოფილოს ამ საკითხში სიმართლის გარკვევის სურვილი.

წელი სრულდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტით, რომელიც მნიშვნელოვან სიახლედ უნდა ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკაში. მხედველობაში გვაქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა აშხაბადის საერთაშორისო ფორუმში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტიც იღებდა მონაწილეობას. ერთ სივრცეში პუტინთან ერთად ყოფნა ოპო-საზოგადოებამ ქვეყნის ღალატად ჩათვალა, თანაც, პრემიერის მიერ პუტინის თანდასწრებით საქართველოს რეგიონების ოკუპირებულად მოხსენიება არასაკმარისად ჩაუთვალა. მათი წარმოდგენით, ალბათ ასეთ შემთხვევაში პრემიერს დედის გინება უნდა დაეწყო პუტინისთვის ან მასთან მუშტი-კრივი გაემართა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიფხანდნენ გულს ეს „პატრიოტები“, მაგრამ ჩვენ ასეთებზე გვახსენდება ილიას სიტყვები, რომ ფხანა ქეცმა იცის, ნუ იქნებიან ქეციანები და ფხანაც აღარ დასჭირდებათ.

რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები კი უნდა გამოვიდნენ საყმაწვილო სენიდან და სცადონ რუსეთ-საქართველოს დიალოგის დაწყება სხვადასხვა ორმხრივი ინტერესების ირგვლივ და განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების საძიებლად.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია პირისპირ და არა შუამავლების მეშვეობითა და საშუამავლო ხარკის გადახდით გაარკვიოს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ რა უნდა რუსეთს.

2025 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ მთელი წლის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

მართალია, ინფლაციის დონე სასურველზე მაღალი იყო, რაც ფასების ზრდას იწვევდა, მაგრამ ლარის სტაბილურობამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა, რასაც თან სდევდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც, ხოლო საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა და წინსვლა არაერთხელ იქნა აღნიშნული სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებშიც საქართველო ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს. ამის მიუხედავად, კვლავაც ძალაში დარჩა და გაიზარდა კიდეც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ცალკეული ევრობიუროკრატების კრიტიკული და მტრული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

თუ აქამდე ევროკავშირი იყო ის ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიის სტანდარტებს ქმნიდა და ავრცელებდა, ბოლო წლებში (განსაკუთრებით კი 2025 წელს), ევროკავშირი დაშორდა თავის ფუნქციას და უფრო მეტიც, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიქცა იმის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად, რისთვისაც ის იყო შექმნილი. პოლიტიკურმა მიმომხილველმა მარიო ნიუფალმა ევროკომისიას 32-ათასკაციანი ბანდა უწოდა, რომელიც არავის აურჩევია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთებმა ევროკავშირის დაშლაზეც დაიწყეს საუბრები.

ევროკავშირისადმი მისი წევრი ზოგიერთი ქვეყნის (უნგრეთი, სლოვაკეთი) ლიდერების კრიტიკული დამოკიდებულება ისედაც იყო ცნობილი, ახლად არჩეულმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრე ბაბიჩმა კი სულ ორიოდე დღის წინ განაცხადა:

„ჩვენ გვჭირდება კავშირი, რომელიც პატივს სცემს მრავალფეროვნებას და არ წაშლის მას.

კავშირი, სადაც თავისუფლება ნიშნავს არჩევანს ბაზრებზე, მეტყველებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ევროპა, არა გარეშე პირებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ევროპა ევროპაა.

ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი.

ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს.

ეს არის ერების უფლება, მართონ საკუთარი თავი.

ეს არის ოჯახების უფლება, აღზარდონ შვილები იდეოლოგიური ჩარევის გარეშე.

ეს არის ინდივიდების უფლება, ისაუბრონ, თაყვანი სცენ და იცხოვრონ არასწორი მოსაზრებების გამო, დასჯის შიშის გარეშე“.

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპული ქვეყნების რიცხვი არ გაიზარდოს. ამის დასტურია გასულ წელს

რუმინეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები, რომლის დროსაც მხოლოდ მრავალი უკანონო და ძალადობრივი ქმედების შედეგად მოახერხეს ევრობიუროკრატებმა სასურველი კანდიდატების გამარჯვების უზრუნველყოფა.

მწვავედ კრიტიკულია ევროპელი მოკავშირეების მიმართ აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური ეროზიის“ რისკის წინაშეა, რომ ევროპულ მთავრობებს „უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“, რომ ისინი არიან „უმცირესობის, არასტაბილური მთავრობები“.

ამათ, დოკუმენტებში დაგმობილია ევროპული მთავრობების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნა „ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა მხარდაჭერაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“.

დოკუმენტის მთავარი სიახლეა ნატოს შესახებ ჩანაწერი, რომ მხარს უჭერს ნატოს გაფართოების შეწყვეტას.

კიდევ ერთი საყურადღებო მომენტია იმის აღნიშვნა, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის წახალისება და თავისი პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა რეგიონული პარტნიორებისთვის და ნაკლები აქცენტი გააკეთოს ამ ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

2025 წლის იანვარში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ყველა ელოდა სიახლეებს პოლიტიკაში, მაგრამ რაც დონალდ ტრამპმა შესთავაზა მსოფლიოს, ალბათ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ჯერ იყო და უცერემონიოდ განაცხადა, გრენლანდია და პანამის არხი აშშ-ს კუთვნილება უნდა გახდეს, ხოლო კანადა – აშშ-ს ერთ-ერთ შტატად უნდა გამოცხადდესო, მერე USAID-ი და აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვა დონორები დახურა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა, უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, ამ ომში ამერიკა მხარე კი არა, მომრიგებელი იქნებაო და მთელი წელი ცდილობდა ამ როლის შესრულებას.

2025 წელს ტრამპის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ბოლო ეტაპი იყო ზემოთ ნახსენები აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მკვეთრად რეალისტურ, ინტერესებზე ორიენტირებულ ჩარჩოს უწესებს ამერიკულ პოლიტიკას და აშკარად ასუსტებს „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის“ უნივერსალური დემოკრატიული მისიის იდეას.

მთლიანობაში 2025 წელს ჩვენს თვალწინ ხდებოდა და ხდება მსოფლიო გადანაწილება და ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადება.

რაც უფრო ადრე აუწყობენ ჩვენი პოლიტიკოსები ფეხს ახალ მსოფლიო წესრიგს და რაც უფრო დროულად გამოვლენ ფსევდო ლიბერალური მავნე პოლიტიკური ზეგავლენიდან , მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები