ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციამ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია იაპონიაში, ჩიბას ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (Chiba Institute of Technology – CIT) ესტუმრნენ. KIU-ს დელეგაცია შეხვდა CIT-ის პრეზიდენტ ჯოი იტოს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორ კენიჩი სეკის და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სეტოკუმას.
ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. CIT გამოირჩევა მოწინავე ინჟინერიით, რობოტოტექნიკის დარგის ონოვაციებით, ნახევარგამტარებისა და ავიაკოსმოსური კვლევებით. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს იაპონიის პირველი ოფიციალური AI-ლექტორი, რომელიც ChatGPT-სა და Blockchain/Verifiable Credentials-ზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს იყენებს.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს KIU-სა და KUCA-ს (Kutaisi University Campus) CIT-თან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.
ურთიერთთანამშრომლობა განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი აკადემიური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე; საერთო კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში; ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულების ბაზაზე შემუშავებული ერთობლივი სერტიფიკატები; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ტოკიოსა და ჩიბაში. CIT-თან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაპონიის უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების სტანდარტებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს. KIU-ს და CIT-ის პარტნიორობის პირველი კონკრეტული პროექტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება.
აღსანიშნავია, რომ KIU-ს დელეგაციის იაპონიაში წარმატებული ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ტოკაის უნივერსიტეტთან (იაპონია); ასევე, KIU-ს მენეჯმენტი გაეცნო ტოკაის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას.