ახალაიას საქმის მოსამართლემ აკაკი მინაშვილისგან შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა, შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
“2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე – ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს. პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით.
სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება”,- აღნიშნულია განცხადებაში.