საქალაქო სასამართლოში მანდატურსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციისას დაკავებული პირების პროცესზე ინციდენტი მოხდა. დარბაზში დაწყებული შეკამატება, მოქალაქესა და მანდატურს შორის, სასამართლოს გარეთ გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება, დარბაზის დატოვების შესახებ, რის გამოც იგი სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება სასამართლო დარბაზის გარეთაც გაგრძელდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ქალბატონი დაკავებულია. დააკავეს მისი თანმხლები პირიც, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაჰყვა ქალბატონს.
რაც შეეხება მოსამართლის შენიშვნას, ის გამოწვეული იყო დარბაზში ქალბატონის შეძახილებით. მოსამართლემ მას რამდენჯერმე მოუწოდა, ხელი არ შეეშალა პროცესის მიმდინარეობისთვის, თუმცა, შელაპარაკების შემდეგ საქმის განმხილველმა მოსამართლემ მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ძალის გამოყენებით გაყვანისას ახალგაზრდა ქალს ხელი დაუშავდა. როგორც მისმა თანმხლებმა მამაკაცმა განაცხადა, ქალბატონს ხელი მანდატურებმა გადაუგრიხეს და ამის შედეგად მან დაზიანება მიიღო.