შალვა პაპუაშვილი – ძალიან კარგია, როცა USAID-ის მსგავსი თაღლითური ორგანიზაციები იხურება
„პენსია ღმერთმა შეარგოს ყველას და ვინც მას იღებს, ვუსურვებ, რომ თავიანთი პენსია მშვიდად მოიხმარონ მშვიდ საქართველოში, რომელიც მათ ვერ არიეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო დიდი თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და საქართველო ამ მხრივ იყო გამორჩეული.
„ის, რომ USAID პენსიაზე გავიდა უკვე ვიცით. ძალიან კარგი, რომ როგორც მას უწოდა აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეს თაღლითური ორგანიზაცია იხურება. ძალიან კარგია, რომ ასეთ ორგანიზაციას არ ექნება შესაძლებლობა საქართველოში მავნე ოპერაციების განხორციელების. ჩვენ ვიცით წარსულიდან, რომ USAID იყო მთავარი დამფინანსებელი, არეულობებისთვის რესურსების მიმწოდებელი საქართველოში. ჩვენ ვიცით 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებაში მონაწილეობდა USAID, რომ 2024 წლის პარალელური დათვლის არ გამოქვეყნებაში მონაწილეობდნენ ისინი, „კანვასის“ ტრენინგებს, სადაც შიდა ტერორისტებს ამზადებდნენ და აფინანსებდნენ. ეს იყო დიდი თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და საქართველო ამ მხრივ იყო გამორჩეული. სწორედ ამის შედეგი იყო საქართველოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა არეულობა. ძალიან კარგია, რომ ასეთი თაღლითური ორგანიზაცია იხურება. პენსია ღმერთმა შეარგოს ყველას და ვინც მას იღებს ვუსურვებ, რომ თავიანთი პენსია, მშვიდ საქართველოში, მშვიდად მოიხმარონ, რომელიც მათ ვერ არიეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საპენსიო თანხად შენიღბული დაფინანსება რადიკალიზაციისთვის – „ქრონიკის“ ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ჩაერიცხათ.