პროკურორი: უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანების მკვლელები სასჯელს მოიხდიან ციხეში
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოსამართლემ აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორის შეფასებით, სამი ახალგაზრდის მკვლელობა, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, არ დარჩა შეუფასებელი და მკვლელები ციხეში მოიხდიან სასჯელს.
“ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოდ დაიხოცნენ, მათი მკვლელები სასჯელს მოიხდიან ციხეში. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროკურატურისთვის მოსალოდნელი იყო.
“ამაზე პროცესის პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქმეში იყო უტყუარი მტკიცებულებები და აქედან გამომდინარე ვფიქრობდით, რომ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მედიის საშუალებით ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟი და დაცვის მხარის განცხადებები იმაზე, რომ პროკურატურა ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე. ეს განცხადებები ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – ადვოკატებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ საქმის მტკიცებულებებით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და შესაბამისად მათ გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია, რათა საზოგადოება მოემზადებინათ ამისთვის. თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენს პოზიციას იზიარებს”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო წესით ბაჩო ახალაიას განაჩენის გამამართლებელ ნაწილს, კერძოდ, 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.