პაპუაშვილი – გერმანიის ელჩზე: ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი
“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი. მე აღარ ვიცი, რა უნდა ავხსნა, ბევრჯერ ვცადე ამის ახსნა მაგრამ, როგორ ჩანს, ის ან ვერ ან არ იგებს და საერთოდ ვერ ხვდება, მე მგონი, რა კულტურულ გარემოში იმყოფება, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ ვართ ქართველები”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს და გერმანიის ელჩის ვიდეოს ეხმაურება, რომელიც მან ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერა.
ვიდეოში ელჩი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის გამო ბევრი რამ არის რისკის ქვეშ, მათ შორის უვიზო მიმოსვლა“.
„ეს შეხვედრა, რომლითაც ასე თავს იწონებს გერმანიის ელჩი, მათ შორის თავის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეს ადამიანი, რომელთანაც ის გვერდით დგას და რომელიც წარმოადგენს ამ დაჯგუფებას არის მაგალითი მომავალი თაობის და სამოქალაქო აქტივიზმის. ეს ის ადამიანი არის, რომლის ორგანიზაცია და პირადად ის ჩართული იყო მათ შორის მარიამ ლაშხის წინააღმდეგ. არ ვიცი ამას რა დავარქვა, როდესაც ადამიანს უწოდებ „ცოცხალ არსებას“ და „მონას“.
მე შემიძლია გერმანიის ელჩს მივცე უნდა ისტორიული, უნდა ენციკლოპედიური განმარტება რას ნიშნავს ეს ტერმინები, რას ნიშნავს დეჰუმანიზება ადამიანის და რა იდეოლოგიის მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვებს „არსებებად“ მოიხსენიებენ“.
საზოგადოებას ვეტყვი კიდევ ერთხელ, დეჰუმანიზება ანუ ადამიანისთვის აყრა მისი პიროვნული ღირსებების, იმის თქმა, რომ ეს ადამიანი არ არის, არ აქვს პიროვნული ღირსებები, ფაქტობრივად საგანი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ამბობს, რომ თუ კი შენი ოპონენტი ან ის ვინც არ მოგწონს ადამიანი არ არის მაშინ ყველაფერი შეიძლება. მასზე ძალადობა შეიძლება, მასზე თავდასხმა შეიძლება ვინაიდან ის არ არის ადამიანი, ის არის ფაქტობრივად ნივთი. „მონას“ ამიტომაც იყენებენ ამ ტერმინს, რომ მონა არის უფლება აყრილი ადამიანი ფაქტობრივად არაადამიანი თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. ამ ადამიანს ხელს ართმევს გერმანიის ელჩი, რომლის იდეოლოგია ეფუძნება ადამიანის დეჰუმანიზებას და ამბობს, რომ ის არის მაგალითი აქტივიზმის. სირცხვილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.