პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებული 6 პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოში შვიდი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ბევრი მტკიცებულებაა წარსადგენი სასამართლოში და ბევრი მოწმეა დასაკითხი. მისი თქმით, ვინაიდან დღეს სამუშაო დრო ამოიწურა, პროცესი ვერ დასრულდა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ადვოკატის განცხადებით, ის ბრალდებები, რაც პოლიციელებმა დაკავებულებს წარუდგინეს, რეალობას არ შეესაბამება. დაცვის მხარის თქმით, მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ საპროტესტო აქციაზე მათი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ, რომელიც საპროტესტო აქციის დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რომეო საჯაიამ აღნიშნა, რომ მისი დაკავების ერთადერთი მოტივი არის ის გარემოება, რომ იგი ახალაიების ადვოკატია.
“ეს დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი. კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ეს პოლიცია კი არა, მილიციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებს ადამიანებს”, – განაცხადა რომეო საჯაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები