თეა ახვლედიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის, „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა, რიგით მეთორმეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ნიქოზში, საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა, როგორც ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი უწყების ხელმძღვანელმა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი, ოკუპაციის უმძიმეს ნაკვალევზე თავისი დაარსების და განვითარების ისტორიით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იქცა ერთგვარი მედეგობის და მომავლის რწმენის სიმბოლოდ. ფესტივალის სულისჩამდგმელებმა ხელოვნების და სიყვარულის ძალით, სულიერებით შეძლეს ომის ნანგრევები ექციათ კულტურული განვითარების კერად, რომლის გარშემო გაერთიანდნენ საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდები და საერთაშორისო ხელოვანები. სწორედ ამგვარი სულისკვეთება ეხმიანება შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს, ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს – ოკუპაციის დასაძლევად, ჩვენი ხალხის მშვიდობით გასაერთიანებლად; სწორედ იმისთვის, რომ ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ერთად მიეცეთ ღირსეული და უკეთესი მომავლის პერსპექტივა, რომ ჩვენ ერთად დავძლიოთ საერთოდ ტკივილი, ერთად დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა და რა თქმა უნდა, ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი მშვიდობიან, გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ფესტივალის გახსნით ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიქოზის ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც 1-7 სექტემბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი.