დიმიტრი გვრიტიშვილი: რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურული ასპექტები, არამედ სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობაც

,,გასაკვირია უბრალოდ, აი, ასე დოკუმენტურად დადასტურებული შედეგების მიუხედავად მაინც გვესმის უკმაყოფილება სასამართლოს მიმართ”, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინდექსის მიხედვით მოწინავე პოზიციები აქვს, მაინც ისმის კრიტიკა ქართული მართლმსაჯულების მიმართ, რაც არასწორია.

„რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურული ასპექტები, არამედ სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, დაცვისთვის, განმტკიცებისთვის არის მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. სწორედ ამ რეფორმის შედეგად, დღეს არსებულ სისტემაში 368 მოსამართლიდან, მხოლოდ 43 მოსამართლე გვყავს სამწლიანი ვადით დანიშნული. მოსამართლის უვადოდ განწესება არის მთავარი წინაპირობა, როგორც სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ისე მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეს გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიიღებოდა სასამართლოს მიმართ წლების განმავლობაში ნაწარმოები ორკესტრირებული კამპანიის ფონზე. ხატოვანი გამოთქმა გვაქვს ქართველებს: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. გასაკვირია უბრალოდ, აი, ასე დოკუმენტურად დადასტურებული შედეგების მიუხედავად მაინც გვესმის უკმაყოფილება სასამართლოს მიმართ. გარკვეული საქმეები, რომლებიც ჩემი კოლეგების მხრიდან იხილება სამართლიანად, კანონის ზედმიწევნით დაცვით, მაინც არის შეფასება, რომ აქ არის პოლიტიკური დევნის ნიშნები და ა.შ. მაშინ როცა, მსგავს გახმაურებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებმა გამოიტანეს გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებები კანონიერება, სამართლიანობა შეფასდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, იქ დარღვევები არ დადგინდა მაგრამ ეს სუბიექტები, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები და არც შიდა პოლიტიკოსები იქნებიან თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ბოდიშს არ უხდიან შემდგომ მოსამართლეს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ, ფრიდომ ჰაუსის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი?“.

ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლის შემდეგ მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები