პრემიერი: არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის
2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა.
„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.