რატომ დააკავეს ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები – შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მოსაშვილის №10-ში, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ორგანიზებით, გუშინ გამართულ აქციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია საქართველოს კანონის, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-5 მუხლის მოთხოვნათა (ტრანსპორტის სავალი გზის შეფერხების დაუშვებლობა) უხეში დარღვევით მიმდინარეობდა.
შს სამინისტროს განმარტებით, ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს მათ მიერ არაერთხელ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისა და კანონის დაცვისაკენ. პოლიციელების კანონიერ მოწოდებას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, გახდნენ აგრესიულნი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე გამვლელ პირებს.
“წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის აღკვეთის დროს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაკავებული იქნა ხუთი მონაწილე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის მონაწილეთა შორის მყოფმა დაკავებულმა ტელეარხ „ტაბულა”-ს ჟურნალისტმა ალექსანდრე გიორგაძემ (რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს) საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით ამოაცალა რადიოგადამცემი. რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, იგი დაკავებული იქნა ამავე კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით) დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელია“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები