დავით ქართველიშვილი: ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი ბანალური, პროზაიკული და “დემოკრატიული რეჟიმებისთვის” ტრადიციულად დამახასიათებელია

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე პალუცკასმა რიგის გვერდის ავლით, საბანკო სესხი მიიღო კომპანიისთვის, რომლის მთავარი აქციონერი თავად იყო” – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ლიეტუვას პრემიერის გადადგომის მიზეზი არა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები, საიმიგრაციო გეტოებში არსებული ვითარება და ქვეყანაში სუიციდის მაღალი მაჩვენებელი, არამედ დემოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფაქტორი გახდა.

“ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას გადადგომის განზრახვის შესახებ აცნობა, რომელმაც მის ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. მაგრამ არა იმის გამო, რომ ლიეტუვას პენიტენციურ სისტემაში ჯალათების ბუდე და ჯოჯოხეთია. არა იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ მსოფლიო ლიდერია ყოველწლიური სუიციდების ოდენობით. და არა იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო გეტოები – ფაშისტების დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს დაემსგავსა.

გადადგომის მიზეზი ბანალური, პროზაიკული და “დემოკრატიული რეჟიმებისთვის” ტრადიციულად დამახასიათებელია. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე პალუცკასმა რიგის გვერდის ავლით, საბანკო სესხი მიიღო კომპანიისთვის, რომლის მთავარი აქციონერი თავად იყო. 2012 წელს, ვილნიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობისას, მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯა და ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში დაეკისრა.

ასევე, დაახლოებით ათი წლის წინ, პალუცკასმა სახელმწიფო სატყეო ფონდში მიწის ნაკვეთი დაისაკუთრა უკანონო მშენებლობისთვის, მაგრამ პროკურატურამ ეს პროექტი შეაჩერა და ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ნათესავებმა მისი მონაწილეობით და ხელშეწყობით საკუთარი კომპანიისთვის ევროპული გრანტი მიიღეს – მაგრამ ესეც ხომ “სულ სხვა ტაშია”…-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები