მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი, სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა ბაჩიაშვილი ვიღაცის ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს

წავყვეთ ამ ვერსიას, რომელშიც, ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, უფრო მაგრები არიან, ვიდრე MI6, „მოსადი“ და უსაფრთხოების სხვა წამყვანი სამსახურები მსოფლიოში. უფრო მაგარია ქართული სპეცსამსახური, დიდი მადლობა ამ პიარისთვის, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართულ უსაფრთხოების სამსახურს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის მტკიცებითაც, ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

მდინარაძის შეფასებით, მას გაუხარდებოდა, რომ ოხანაშვილის დუბაიში ჩასვლის და იქ სპეცოპერაციის შედეგად ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის ვერსია ნამდვილი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბაჩიაშვლი საქართველოში “მოძვრებოდა” და მწვანე ზოლთან ახლოს დააკავეს.

“ამ ვერსიით, ანრი ოხანაშვილი დუბაიში ჩავიდა, მოიპარა ადამიანი და გაიტაცა. ქართული უსაფრთხოების სამსახური ჩასულა, ტომარა ჩამოუცმევია თავზე, როგორც თქვენ ამტკიცებთ, გაიტაცა ანრი ოხანაშვილმა, ჩასვა თვითმფრინავში და ჩამოიყვანა – გატაცება რატომაა? მსჯავრდადებულია ეს ადამიანი. დეპორტაცია და ექსტრადიცია მაშინ ხდება, როდესაც იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დააკავებენ და გადმოსცემენ. შენი ქვეყნის სპეცსამსახური რომ სპეცოპერაციას ატარებს, დანაშაული როგორ არის დამნაშავის დაკავება, მართლა რომ ასე იყოს? მოგყვებით თქვენს ვერსიაში და რომ დავიჯეროთ, ამას ჰქვია ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია სხვა ქვეყანაში – მსჯავრდადებულის დაკავება როგორ შეიძლება დანაშაული იყოს? სუს-ი ამტკიცებს, რომ საზღვართან დააკავეს. მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე იქით არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და კი არ წამოუყვანია, კინოს რეჟისორის და სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა [ბაჩიაშვილი] ვიღაცის, ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს, რაც ასევე წარმატებული [დაკავების] ღონისძიებაა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები