ხაჯიმბას და რუსეთის ხედვა მეკავშირეობის შესახებ განსხვავდება
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და მარიონეტული რეჟიმის „პარლამენტმა“ რუსეთის მიერ წარდგენილი მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი განიხილეს. დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერის განცხადებით, დოკუმენტის რიგ დებულებებზე რუსეთის მხარეს და თავად „პრეზიდენტ“ ხაჯიმბას სხვადახვა ხედვა გააჩნიათ.
ხაჯიმბას თქმით, შესაბამის უწყებებს და „პრეზიდენტის ადმინისტრაციას“ აფხაზური მხარის შეთანხმების რედაქციის მომზადება დაევალა. რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში „აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების“ წარმომადგენლები შევლენ.
ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმების დებულებები „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას“ უნდა შეესაბამებოდეს და 2008 წელს დადებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს.
შეთანხმების პროექტში აფხაზური მხარე აპირებს, რომ წინადადება შეიტანოს რუსეთის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დახმარების შესახებ.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გაუქმებას არავინ აპირებს. მისი თქმით, საქმე ეხება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის ეტაპობრივ გამარტივებას მდინარე ფსოუზე. ხაჯიმბას განმარტებით, ეს პროცესი საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაცვის გაძლიერების პარალელურად უნდა წარიმართოს. მისი თქმით, აფხაზური მხარე აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოსთან საზღვრის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის შესახებ.
მარიონეტული რეჯიმის პრეზიდენტის აზრით, დე ფაქტო აფხაზეთი ვითარების სხვადასხვაგვარად განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მოკავშირე ინტეგრაციული მოდელის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ხაჯიმბას აზრით, რუსეთის, როგორც წამყვანი “დერჟავის” როლი ამაზეა დამოკიდებული.
ხაჯიმბას განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეთანხმების მომზადება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს