პაატა ზაქარეიშვილი ბესლან ბუთბას განცხადებას პასუხობს
კოდორის ხეობაში უსაფრთხოების შექმნის ხელშეწყობა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლოებას შეუძლია, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „კვირასთან“ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას განცხადებას, რომ აფხაზეთის ხელისუფლება კოდორის ხეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებას გეგმავს. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხობაში დევნილი მოსახლეობის დაბრუნება დაიწყება.
“კოდორის ხეობა მართლაც მიტოვებულია, რადგან ტერიტორიის მოსახლეობით შევსება იქ არ მომხდარა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასეთი მიტოვებული ტერიტორიები საფრთხის შემცველია, რადგან იქ შესაძლოა, დაიბუდოს სხვადასხვა ინტერესების ჯგუფებმა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კოდორში არსებული მდგომარეობით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაინტერესება ლოგიკურია. თუ ხელი შეეწყობა კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნებას, ამით ხეობა მხოლოდ მოიგებს, იქ დაისადგურებს მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან ხეობის მოსახლეობა ყოველთვის ქმნიდა იქ სტაბილურობას და არასოდეს ყოფილა დაძაბულობის ფაქტორი. კოდორის განვითარებას, ხეობაში უსაფრთხოების შექმნას მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლოებამ უნდა შეუწყოს ხელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხობაში დევნილი მოსახლეობის დაბრუნება დაიწყება“, -განუცხადა “კვირას“ პაატა ზაქარეიშვილმა.