დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ირაკლი ალსანიას განცხადებას პასუხობს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება.
„ქართველი პოლიტიკოსების მსოფლმხედველობა რეალობის ობიექტურად აღქმაში მათ ხელს უშლის. სამხრეთ ოსეთის არსებობის საკითხი და მისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღება არანაირად არ არის დამოკიდებული ქართველი ჩინოვნიკების ფასეულობებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალასანიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის დახმარებით საქართველო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესს დაიწყებს. გარდა ამისა, ალასანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის ნორმატიული აქტებს საქართველოსთვის არანაირ საერთაშორისო-სამართლებრივ ფასეულობას არ წარმოადგენს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ: „ოკუპაციის შესახებ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს საერთაშორისო დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის მიმართ მნიშვნელობა „ოკუპაციის“ ხმარება არ არის გამართლებული. არსებობს რეალობა და გამოგონილი სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ ქართველი ჩინოვნიკები. რეალობა ასეთია: სამხრეთ ოსეთი – აღიარებული სახელმწიფოა, რომელიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნების საფუძველზე, მას საკუთარი საზღვრები აქვს და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები. სურთ თუ არა ეს საქართველოში, მათ მოუწევთ ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიონ“, – ნათქვამია განცხადებაში.